საზოგადოება
19.01.2021 19:24
კვლევას სავარაუდოდ 1-ლი თებერვლიდან დავიწყებთ, გამოვიკვლევთ 500 ადამიანს, ვინც კოვიდი გადაიტანა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება. პირველ ეტაპზე, გამოსაკვლევად შეარჩევენ ვირუსგადატანილ 500 ადამიანს. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კვლევაში ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომლებიც კლინიკებში მკურნალობდნენ.

„კორონავირუსის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინდრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასეთია: როცა პაციენტი განიკურნება, გაუვლის ყველა სიმპტომი და დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, იგივე, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა. ასეთი პაციენტი საქართველოში ბევრია და ხშირად მოგვმართავენ. პირადად ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.

სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ოფიციალური კვლევა, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ 1-ლი თებერვლიდან დავიწყებთ კვლევას. გამოვიკვლევთ 500 ადამიანს, ვინც კოვიდი გადაიტანა. მათ გამოვიძახებთ, ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ. კვლევისთვის შეირჩევა ყველა პაციენტი, მძიმეც და მსუბუქიც, ვისაც სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა.

კვირის ამბები