საზოგადოება
19.01.2021 17:12
ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, პრემიერმა გუბერნატორებს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა

მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, გუბერნატორებმა  შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად უნდა გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

კვირის ამბები