შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ბრალდებულის ინტერესებს სავალდებულო წესით იცავს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამომძიებელმა რომ მიაწოდა დადგენილება, შეხედა და გადახია. ბრალდებული შიმშილობს, არავითარ საკვებს არ იღებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძების საკითხს, თუ როდის გაიმართება, ჯერ ვერ გეტყვით, საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს. როგორც ჩემთან საუბრისას განმარტა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, იგი მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, აწუხებს კუჭი და საერთოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს", - განაცხადა ქეთევან გაგოევმა.
გაგოევის ინფორმაციითვე, მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში სავარაუდოდ სხვა ადვოკატიც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და ,,ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.