საზოგადოება
18.01.2021 13:24
კლინიკები პაციენტებისთვის მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას პირველი თებერვლიდან დაიწყებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ პაციენტებისთვის მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას.  თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 3000-მდე საწოლია თავისუფალი. შესაბამისად, თებერვალში, დარჩება საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ ვირუსთან ბრძოლისას მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს
„ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი მკურნალობს და 3000-მდე საწოლია თავისუფალი. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 230 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კარგია, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რაოდენობა შემთხვევების კლებასთან ერთად, იკლებს. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმროებში. 634 კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს სასტუმროში მკურნალობას. პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თებერვალში დარჩება საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები