საზოგადოება
18.01.2021 11:39
საქართველოს ათ ქალაქში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდა

ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა საჯარო და კერძო სკოლებში. თუმცა, განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, სწავლა ზოგიერთ ქალაქში დისტანციურად აღდგა, ზოგ სკოლაში კი, მოსწავლეები კლასებს დაუბრუნდნენ.

სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, სწავლა საკლასო სივრცეში განახლდა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

შეგახსნებეთ, რომ დღეიდან ეთერში დაბრუნდა „ტელესკოლის“ გაკვეთილებიც.

კვირის ამბები