სამართალი
18.01.2021 10:15
ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს დღეს წარუდგენენ

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ბრალდებულის ინტერესებს სავალდებულო წესით იცავს ადვოკატი ქეთევან გაგოევი. გაგოევის ინფორმაციით, მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და ,,ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

კვირის ამბები