სამართალი
16.01.2021 15:14
პირი, რომელმაც კასპში, სანადირო თოფის მუქარით ორი ადამიანი მძევლად აიყვანა, დაკავებულია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და ,,ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და მან 2018 წელს პოლიციის რიგები პირადი პატაკით დატოვა და სამსახურიდან წავიდა. 
ბორცვაძის ინფორმაციით, ბრალდებულის ქმედების მოტივი გამოძიების საგანია.

კვირის ამბები