პროექტი, რომლის განხორციელებასაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავს, ახლო მომავალში ამოქმედდება. პროექტი ბენეფიციარებისთვის გრანტის გამოყოფას გულისხმობს, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 3500 ლარია, თუმცა, მეწარმის თანადაფინანსების წილმა აუცილებლად უნდა შეადგინოს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30 %.
„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულებით საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ - ეს გახლავთ აღნიშნული პროექტის დასახელება, რომელში ჩართვაც მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების წარმომადგენლებს შუეძლიათ. საგრანტო პროექტის მიზანი საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების (4 მუნიციპალიტეტიდან ) კეთილდღობის გაუმჯობესებაა პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას BP და USAID/Chemonics International მოახდენენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დონორი ორგანიზაციების წევრებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის დეტალებს გაეცნო. შეხვედრაზე მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას ინფორმაციის გავრცელებაში, რათა ყველა მსურველამდე მივიდეს სიახლე და შეთავაზებით სარგებლობა შეძლონ.
საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაცია „ელკანას“ ვებ-გვერდიდან www.elkana.org.ge შევსებული განაცხადების წარსადგენად კი USAID/Zrda პროექტის გორის ოფისს მიაკითხეთ. მისამართი: გორში სტალინის ქ. N27/1, ან გააგზავნეთ ელექტრონული ვერსია ფოსტაზე: mdzinarashvili.n@elkana.org.ge