საზოგადოება
16.01.2021 12:54
გორის მუნიციპალიტეტის მერს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა

შემოქმედებითი კავშირის - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელის პოპულარიზაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერს - კონსტანტინე თავზარაშვილსა და მწერალ სოსო ალიმბარაშვილს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ჯილდოსთვის, რომელიც გორის თეატრის მხარდაჭერისთვის გადმომცა. საზოგადო მოღვაწის დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის სამუზეუმო სივრცის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრობისას, ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და გამოწვევაც. ჯილდო თეატრის კიდევ ორ თანამშრომელს გადაეცა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მანანა მგალობლიშვილს და ბატონ კობა კოპაძეს. გორის თეატრს კი, კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და ახალი სამუზემო სივრცის გახსნას“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ქართული თეატრის დღე - 14 იანვარი, ერისთავის თეატრმა განახლებული მუზეუმის გახსნით აღნიშნა. მუზეუმის გახსნამდე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქალაქის მერთან ერთად, საპატიო ჯილდო - „ქართული თეატრის ქომაგი“ გადაეცა ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობს კობა კოპაძეს. თეატრალური საზოგადოების ჯილდო - „ამაგდარი“ კი,  ერისთავის თეატრის მუზეუმის გამგეს, მანანა მგალობლიშვილს გადაეცა.

 

კვირის ამბები