საზოგადოება
16.01.2021 12:33
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვარში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილა, ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ამასთან, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

კვირის ამბები