პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად.
პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი https://mobile.emis.ge/ დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.