საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვრიდან დაიწყება. ორშაბათიდან, სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. ის სკოლები, კი, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება.