პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო ფინანსური დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული დახმარება მოიცავს 1 200 ლარს - მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ.
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, შესაბამისი განაცხადი დროულად გაკეთონ.
„მოგეხსენებათ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ეს განაცხადები გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.