შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წარმატებულად როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩნდება სამი ახალი პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ერთ-ერთი მათგანი ეხება ტესტირების გაფართოებას, ასევე, ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნებას იქ, სადაც ამისი აუცილებლობა იარსებებს და მესამე პრიორიტეტი დაკავშირებული იქნება ვაქცინაციასთან.
„აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში, ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში უკვე ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია. ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით, დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას - პირველი, უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებლია ლოგისტიკასთან, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი, ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე, ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ და მესამე, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ამასთან დაკავშირებით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენენ. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული,“- განაცხადა გახარიამ.