დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც 2 თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების გათვალისწინებით, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს ეკონომიკის გახსნა.
„მოგეხსენებათ, იანვარში თითქმის 1 წელის შესრულდა მას შემდეგ, რაც პანდემია პირველად დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ამისა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გლობალურადაც გრძელდება.
დღეის მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა, რაც იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არსებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშავოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელის საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ისევე როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებლი საკითხები და ა.შ. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გახარიამ.