საზოგადოება
14.01.2021 14:19
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს, საქართველო ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ჰერალდიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ქვეყანაში, აღნიშნული თარიღი საზეიმოდ - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშის გადმოფენის ცერემონიებით აღინიშნება.
„გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ჩვენი დროშა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიისა და ღირებულებების მატარებელია. ჩვენ, ამ მთავარი სახელმწიფო სიმბოლოს გარშემო ვერთიანდებით და ვიცით, რომ ეს ერთიანობა განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ერთმანეთის მხარში დგომით შევძლებთ ბევრი გამარჯვებისა და წარმატების მოპოვებას. დროშის აღმართვით, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს თავისუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვართ ამ თავისუფლების დასაცავად. სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას, დაახლოებით, შვიდასწლიანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში შედგენილ ევროპულ რუკებზე, საქართველოს სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.

 

კვირის ამბები