კულტურა
13.01.2021 16:57
ხვალ, 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა - გორის თეატრის ამჟამინდელი შენობა 82 წლის წინ გაიხსნა

ხვალ, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეა. გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი  პროფესიულ დღეს არაერთი ღონისძიებით ხვდება.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, თეატრის შენობაში ახალი სამუზეუმო სივრცე იხსნება, რომელიც ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, მწერლის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის იქნება.

მეღვინეთუხუცესიშვილი 1815 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა და გიორგი ერისთავთან ერთად, ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის და განვითარების საქმეში აქტიურად მონაწილეობდა.

ხვალვე, გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის - „ექიმბაში“ (გამოცემული 1876 წელი) საჯარო კითხვა-რეპეტიციასაც გამართავს.

გორის თეატრის ამჟამინდელი შენობა 82 წლის წინ, 1939 წელს გაიხსნა. 1947 წელს კი, გორის თეატრს ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.

ქართულ თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი - გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

პანდემიის პირობებში, გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრი რეპერტუარში არსებული სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“ მართავს.

გორის თეატრის ამჟამინდელი შენობა 82 წლის წინ, 1939 წელს გაიხსნა. 1947 წელს კი, გორის თეატრს ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.

ქართული თეატრის ჩამოყალიბების პირველი ცდები გორში ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში შეინიშნებოდა და სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენაც გორში გაიმართა 1845 წლის მაისში.

კვირის ამბები