სავაჭრო ცენტრები და მოლები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაცო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
აღდგება თუ არა საზგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც მინისტრმა განმარტა, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.
„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიმართულებით სრული სტაბილიზაცია შეინიშნება, რაც ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შედეგია.