2021 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 8 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სამი ტენდერი უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება დაგეგმილი მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო ობიექტების ჩამონათვალს, GMnews-ის ინფორმაციით, ნუსხა ასე გამოიყურება: ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია; სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; წმინდაწყლის დასახლებაში სადრენაჟე სისტემის მოწყობა (გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე); ჭალის დასახლებაში FIFA-ს სტანდარტების დაცვით ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა; გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია (მონაკვეთი ქუთაისის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე); ქორდში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ხაჩიურების უბანი); ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და კვარხეთი-ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2020 წელს დაწყებული ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტიც: შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია; ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია; ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაცია; წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ხიდისთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 8 274 392 ლარია.