საზოგადოება
13.01.2021 10:52
საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით, 13 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 816, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 320 კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 მოქალაქე.

კვირის ამბები