გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ქართული თეატრის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. 14 იანვარს, 16:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიხსნება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ახალი სამუზეუმო სივრცე. თეატრის ადმინისტრაცია დაინტერესებულ საზოგადოებას ერისთავის თეატრის ისტორიის სათავეების ფოტო მატიანეს წარუდგენს.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის სახელობის მუზეუმში დაცული ექსპონატების დათვალიერება, მალე, გ.ერისთავის სახელობის თეატრის საიტზე, 3 დ ფორმატშიც შეგეძლებათ.
„ერისთავის თეატრში დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის „ექიმბაში“-ს (დაიბეჭდა - 1876 წელს, ექვთიმე ხელაძის სტამბაში) რეპეტიციები მიმდინარეობს... აქტიურად ვემზადებით მუზეუმის გახსნისათვისაც, 14 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება პიესის საჯარო კითხვა-რეპეტიცია, რომელსაც ერისთავის თეატრი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ“, - ამბობენ გორის თეატრში.
ცნობისთვის, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, 1815 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ის, გიორგი ერისთავთან ერთად, ჩართული იყო ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის და განვითარების საქმეში. ცნობილია, რომ 1845 წელს, სოფელ ხიდისთავში, სცენის მოყვარეებმა არაერთხელ წარმოადგინეს მისი პიესა ,,გამოუცდელობა ანუ დროებით განშორება საყვარელთან“. ამიტომ, ერისთავის სახელობის თეატრში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შემოქმედებითი პროცესი ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა როგორც ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის, ისე გორის თეატრის დაარსების ოფიციალურ თარიღს და აქვს ლეგიტიმური უფლება გახდეს შემდგომი კვლევის ობიექტი და ისტორიული თარიღების ცვლილების პრეტენდენტი.