თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე წუხელის, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტომაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი, 55 წლის მამაკაცი და კიდევ ერთი მგზავრი, მძღოლის მეუღლე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ,,გორმედის“ მორიგე ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, ერთ პაციენტს თავის ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ზედაპირული ტრავმული დაზიანებები. ექიმის თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტომანქანაში მყოფი პირები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.