ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
12 იანვრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემების შესახებ სიჭინავამ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც, 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი. 569 პირი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 135 მოქალაქე კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 მოქალაქე.