გორის მუნიციპალიტეტის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას მერიის ფინანსური დახმარებით შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90% ფინანსდება.
„გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც. თანადაფინანსების გაცემა მოხდება ამხანაგობის მიერ მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ
თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია, რომლის საშუალებითაც თვითმმართველობას პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების კანონიერად დახმარება შეუძლია. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ხორციელდება პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“, - აცხადებენ გორის მუნიციაპალიტეტის მერიაში.
GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი განხორცილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო.