გორში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. უროლოგი მირიან არსაკიძე ქალაქის პოლიკლინიკაში მუშაობდა. კოვიდ 19-ის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გართულდა, ინფიცირებულმა ექიმმა კოვიდსტაციონარს მიმართა. ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, მირიან არსაკიძე ,,გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
,,კლინიკაში შემოსვლისას ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მაშინვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იყო მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი. სამედიცინო საზოგადოება უკიდურესად ვწუხვართ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო", - განაცხადა ,,გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.