გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, დაწესებულების მუზეუმში დაცული უნიკალური მასალების, უცნობი გმირებისა და ნაცნობი ისტორიების ხელახლა გამომზეურებას იწყებს. როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება 14 იანვარს გაიმართება. ქართული თეატრის დღეს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელის და შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით თეატრის ადმინისტრაცია შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: 13:00 საათზე თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლაივ რეჟიმში გაიმართება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის „ექიმბაში“(გამოცემული 1876 წელი) საჯარო კითხვა (რეპეტიცია). რეჟ.: დავით ჩხარტიშვილი. ამავე დღეს, 16:00 საათზე კი, ონლაინ რეჟიმში გაიხსნება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ახალი სამუზეუმო სივრცე.
„ქართული თეატრის ისტორიაში დღემდე არსებობენ უცნობი გმირები. სწორედ მათი მოღვაწეობა, უანგარო სიყვარული და ენთუზიაზმი განაპირობებდა პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებას და განვითარებას. მათი სახელები სათანადო დაფასების და წარმოჩენის მოლოდინში არიან. ერისთავის თეატრმა გადაწყვიტა, 14 იანვარი - ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის თარიღი, გორის თეატრთან დაკავშირებული უცნობი გმირების პოპულარიზაციით აღნიშნოს. საზოგადოებისთვის მათ გაცნობას დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელით ვიწყებთ “, - აცხადებენ ერისთავის სახელობის თეატრში.
ცნობისთვის, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, 1815 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ის, გიორგი ერისთავთან ერთად, ჩართული იყო ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის და განვითარების საქმეში. ცნობილია, რომ 1845 წელს, სოფელ ხიდისთავში, სცენის მოყვარეებმა არაერთხელ წარმოადგინეს მისი პიესა ,,გამოუცდელობა ანუ დროებით განშორება საყვარელთან“. ამიტომ, ერისთავის სახელობის თეატრში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შემოქმედებითი პროცესი ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა როგორც ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის, ისე გორის თეატრის დაარსების ოფიციალურ თარიღს და აქვს ლეგიტიმური უფლება გახდეს შემდგომი კვლევის ობიექტი და ისტორიული თარიღების ცვლილების პრეტენდენტი.