შიდა ქართლში. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკონის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ქრობის სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე ძირითადად მეხანძრეთა ქვეითი ჯგუფები მუშაობდნენ, გუშინ კი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენიც. დღეს, რკონის ხეობაში იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. არსებულ შემთხვევებს დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში.
უწყების ინფორმაციითვე, 4 იანვრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი ლოკალიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.