„გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობას და გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს შობის დღესასწაული მიულოცეს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგი ხოჯევანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.
ხოჯევანიშვილმა და გულედანმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს ურთულეს პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
სამედიცინო ქსელ „გორმედის“ დამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გია სვანაძემ სტუმრებს ქსელში შემავალ კლინიკებში არსებული ვითარება და ის რესურსები და მოცულობა გააცნო, რისი მართვაც ხდება როგორც კოვიდკლინიკებში, ასევე გორის ჰიბრიდულ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
დღესვე, „გორმედმა“ რეგიონში მცხოვრებ 110 შეჭირვებულ ოჯახს საშობაო საჩუქრის სახით სასურსათო პაკეტები გადასცა.
სასურსათო პაკეტების დარიგებაში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმაც მიიღეს მონაწილეობა.
„დღეს შევხვდით გორმედის მედპერსონალს, მივულოცეთ შობა-ახალი წელი, მადლობა გადავუხადეთ მათ მიერ გაწეული შრომისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „გორმედის“ მხარდაჭერით 100-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა სასურსათო პაკეტები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც სამედიცინო პერსონალი ეწევა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით.
„შეხვედრა გვქონდა „გორმედის“ ქსელის სამედიცინო პერსონალთან, მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამუშაოსთვის, რასაც ისინი ახორციელებენ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით და მივულოცეთ შობა-ახალი წლის დღესასწაული. ასევე, მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში „გორმედის“ მხრიდან ქველმოქმედება და დღეს, მათი დახმარებით, შობას მივულოცავთ 100-ზე მეტ ოჯახს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
„ძალზე რთულ, ვერაგ მტერთან გვიწევს ბრძოლა, თითოეულ თანამშრომელს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა ზოგჯერ დღეების, კვირების განმავლობაში არ ეძლევა, ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს სამედიცინო პერსონალს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ეს ადამიანები 24 საათიან რეჟიმში, ახალ წელსაც, შობასაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. ასევე, მადლობას ვუხდი მაჟორიტარ დეპუტატს, მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, რამეთუ, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად რთულია დღეს სამედიცინო პროცესების მართვა. ჩვენი მედპერსონალის სურვილით, შობის დღესასწაულზე მცირე ნობათით ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ საკმაოდ შეჭირვებულ ოჯახებს და დღეს, „გორმედის" სამედიცინო პერსონალის სახელით, 110 ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ.