შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკონის ხეობაში მესამე დღეა გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შერეული ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ცეცხლის კერებს ამ დროისთვის 45 მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული მისასვლელია, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მოხერხდა შესაბამისი ავტო ტექნიკის მიყვანა, უშუალოდ ცეცხლის კერების ქრობის სამუშაოებს კი, მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში GMnews-ს განუცხადეს, რომ დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით, რკონის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა აღარ დამდგარა, თუმცა, მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება.
ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის, უახლოესი დასახლება 11 კილომეტრითაა დაშორებული.