საზოგადოება
07.01.2021 11:10
დღეს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძარში კი, საღმრთო ლიტურგია დღეს დილით აღევლინა.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი, მძიმე მარხვაა.

საქართველოში, შობასთან დაკავშირებულ ტრადიციებს შორის ერთ-ერთი ალილოა - სასულიერო და საერო პირები მსვლელობის დროს შეგროვებულ ტკბილეულსა და საჩუქრებს, სოციალურად დაუცველებსა და შეჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ.

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო საშობაო მსვლლობა განსხვავებულად - მრევლის გარეშე ჩაივლის.

კვირის ამბები