შობის ღამესთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ტრადიცია არსებობს, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული წეს-ჩვეულება ფანჯარასთან ანთებული სანთელია - შუა ღამეს, მორწმუნეები სანთელს ანთებენ ფანჯარაში, ამით ყოვლადწმიდა ქალწულს მოიხმობენ, რომ მათ სახლში შვას მაცხოვარი.
აღნიშნული ტრადიცია საქარველოში პატრიაქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა: „შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს“, - აღნიშნავს პატრიარქი.
რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ დღეს ღამით 00:00 საათზე:
ტროპარი: „შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის შობის დღესაწაულს აღნიშნავს. კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მეორე საუკუნის წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით, „ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“, ხოლო წმ. პავლე მოციქული დაამატებს, რომ ღმერთი დამდაბლდა ადამიანამდე, ანუ ზეცა დაეშვა დედამიწაზე, ადამიანმა ზეცად ასვლა რომ შეძლოს.
გადმოცემის თანახმად, ქრისტეს შობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტომ გამოაცხადა მოსახლეობის აღწერა. ყველა იმ ქალაქში ან სოფელში უნდა წასულიყო, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. იოსებიც და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც ორივე დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ, სადაც ცხოვრობდა დავით წინასწარმეტყველი.
მართალმა იოსებმა მარიამი შესვა სახედარზე და გაუდგა გზას იერუსალიმის ბეთლემისაკენ. ბეთლემამდე ვერ მიაღწიეს. სოფლის ახლოს ასტკივდა მუცელი წმ. მარიამს და იოსებმა გამოქვაბულს შეაფარა იგი, რადგანაც სასტუმროებში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა ღვთისმშობლის მკლავებში.