საზოგადოება
06.01.2021 16:37
გორის მერიის სოციალური პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება

გორის მერიის სოციალური პროგრამით 2020 წელს 3 500-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000 ლარი გაიხარჯა, - აღნიშულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.

ცნობისთვის, მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები, მკურნალობა, მედიკამენტები); შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები, მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას); დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლები; უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა); ყოფილი მსჯავრდებულები; სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი); ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები; პროგრამა ასევე ითვალისწინებს მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშული სოციალური პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება და ის ბენეფიციარები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს მიეკუთვნებიან, გორის მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობას წელსაც უპრობლემოდ შეძლებენ.

კვირის ამბები