საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, კერძოდ - ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის მოხმარება.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ამ ღამით აღევლინება და მრევლი მაცხოვრის შობის დღესასწაულს ტაძარში შეხვდება. საშობაო ღვთისმსახურება გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი სწორედ შობის დღესასწაულთან და ლიტურგიასთან დაკავშირებით დაიშვა. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება
ამასთან, პანდემიის გამო, სახეცვლილი იქნება ალილოც. საშობაო მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები მიიღებენ. ისინი ქალაქის ქუჩებს მოივლიან, აკურთხებენ და მოსახლეობას ქრისტეს შობას მიულოცავენ.