საზოგადოება
06.01.2021 11:53
ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 243 კერა დაფიქსირდა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის ერთ-ერთი კერა შიდა ქართლშია

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკონის ხეობაში ხანძარია. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის. შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული მისასვლელია, თუმცა, მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

რკონის ხეობის გარდა, ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მეხანძრე-მაშველები ხანძარს კიდევ 10 ლოკაციაზე აქრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის  ინფორმაციით, ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა  ხანძრის 243 კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

,,ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები