საზოგადოება
05.01.2021 15:17
შიდა ქართლში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს სოციალური კალათები გადაეცათ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებს ესტუმრა.

სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

,,ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პანდემიით შექმნილი საჭიროებების საპასუხოდ დავიწყეთ გასული წლის დასასრულს. ამჯერად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს. ჩვენ აღნიშნული აქციით მოვიცავთ გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური აქციის პროცესში, ჩვენ მხარს გვიჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
აქციის ფარგლებში, დღესვე, სოციალური კალათები გადაეცათ მცხეთა-მთიანეთში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებსაც.

აქციაში მონაწილეობდა საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელი ღასან ხალილიც.
კვირის ამბები