საზოგადოება
05.01.2021 15:02
კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მეტად ახალგაზრდა მოსახლეობას აზარალებს, დამტიკიცებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, ახალი შტამის ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები იგივეა, რაც კოვიდ 19-ის შემთხვევაში.

„სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც, რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც აქამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე დაწესებული წესების დაცვის კუთხით ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, მეცნიერული საფუძვლები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს შტამი მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ვარაუდი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, ეს დადასტურებული არ არის. პრევენციული ღონისძებები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი არის პირბადე, ხელების დეზინფექცია და დისტანცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

კვირის ამბები