საზოგადოება
05.01.2021 11:37
კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინის შექმნა საჭირო არ იქნება

კოვიდ19-ის ახალი შტამი ძველისგან სიმძიმით და მკურნალობის მეთოდით არ განსხვავდება, მაგრამ ის უფრო მეტად გადამდებია, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, ახალი შტამის საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინის შექმნა საჭირო არ იქნება. „ის ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთმა შეიძინა და დაიწყო ვაქცინაცია, ასევე ის ვაქცინები, რომლებიც გადაუდებელი ავტორიზაციის რეჟიმში რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ისევე იმოქმედებს ამ შტამის წინააღმდეგაც, როგორც იმოქმედებდა პირვანდელ სახეობაზე. ამდენად, ვაქცინაციის ფორმატში ახალ შტამთან მიმართებაში არაფერი იცვლება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

კვირის ამბები