საზოგადოება
04.01.2021 13:20
რომელ სამსახურებზე არ ვრცელდება უქმე დღეები

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილების თანახმად, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. ბრძანებაში მითითებულია იმ სუბიექტების შესახებაც, რომლებზეც „უქმე დღეები“ არ ვრცელდება, ეს გახლავთ ის დაწესებულებები, რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ეს სუბიექტებია: პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები; ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ „კოვიდ 19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად; ფარმაცევტული საქმიანობა; სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია; საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება; ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები; საფოსტო და საკურიერო მომსახურება; პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები; სამაშველო საქმიანობა; ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები; უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება); დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ცნობისთვის, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდა, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

კვირის ამბები