2 იანვარს საქართველოში ბედობის დღეს აღნიშნავენ. მოსახლეობის ნაწილი კი, ამ დღეს მეკვლეობასაც უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, ამიტომაც ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.
ბედობას თავის რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს და თუ სანათესაოში, სამეზობლოში ან სულაც სანაცნობოში ვინმე „კარგი ფეხის“ მომტანი ეგულებათ, სახლში ეპატიჟებიან. თავის მხრივ, მეკვლეც ცდილობს ტკბილეულითა და სანოვაგით ხელდამშვენებული მივიდეს სტუმრად და უკანაც ზომიერად ნასვამი გამობრუნდეს.
ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დატვირთვით, როგორც ამას ძველად აღიქვამდნენ. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რამეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.
საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ – 2 იანვარს და 15 იანვარს.