გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრე დემჩენკო დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ვებგვერდის ცნობით, კლუბმა დემჩენკოსთან უკვე გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი.
დემჩენკო ყოფილი ფეხბურთელია და მისი სპორტული კარიერა ზაპოროჟიეს კლუბს უკავშირდება, თუმცა, ასევე აქვს რამდენიმე სეზონის თამაშის გამოცდილება მოსკოვის ცსკა-ს და „აიაქსშიც“.
სამწვრთნელო საქმიანობა მან 2012 წელს ისევ მშობლიურ ზაპოროჟიეში დაიწყო. ადგილობრივი „მეტალურგის“ გარდა დემჩენკო წვრთნიდა „ლვოვს“, ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს და უზბეკურ „ობოდსაც“.
გორის „დილასთვის“ დემჩენკო პირველი უკრაინელი მწვრთნელია. ამასთან, უკრაინელია გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და ეროვნულ ლიგაში წლევანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის მფლობელი მიკოლა კოვტალიუკიც.
შეგახსენებთ, რომ გორელებმა ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულეს და ევროსაგზური მოიპოვეს.