ახალი წელი ბევრი ტრადიციით და თავისებურებით გამოირჩევა. ერთ-ერთი კი, საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არაგეგმაზომიერი გამოყენებაა. ყველასათვის ხელმისაწვდომი პიროტექნიკის ნაწარმი არც ისე უსაფრთხოა, როგორი მარტივიც მათი შეძენა გახლავთ. ექიმების განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში ყოველწლიურად ფიქსირდება საახალწლო პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტების მიმართვიანობა. მართალია, ამ პროდუქციას ქართული ანოტაციაც მოჰყვება, სადაც მომხმარებელს შეუძლია, რომ გამოყენების წესებს გაეცნოს, თუმცა, მოხმარების წესების გაცნობას ბევრი სავალდებულოდ არ თვლის.
„ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა ახალი წლის დღეები, რომ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად არ დაფიქსირდეს კიდურის, თითების ამპუტაცია, მხედველობის დაკარგვა, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ჭრილობები... დაშავებულთა შორის კი, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები არიან, თუმცაღა, დაზარალებულები, ასევე, ხშირად არიან საშუალო ასაკის მოზარდები და თქვენ წარმოიდგინეთ მათი მშობლებიც. რომლებმაც, მართალია, პიროტექნიკას ცეცხლი თავად წაუკიდეს, მაგრამ შვილებს გადააწოდეს და სწორედ ამ დროს მოვიდა მოქმედებაში ესა თუ ის ე.წ. ასაფეთქებელი. ამიტომ, მკაცრად გასათვალისწინებელია, რომ მშობლების გარეშე, მცირეწლოვანმა ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ შუშხუნები რადგან ადრეულ ასაკში, პატარებს უჭირთ ექსპლუატაციის წესების გაგება, გარდა ამისა, თავად მშობლებიც არ ეცნობიან მოხმარების წესებს, შესაბამისად, ხშირია დაზიანების ფაქტებიც. გთხოვთ, გააკონტროლოთ, რომ თავიდან აიცილოთ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ თანიაშვილმა.
გთავაზობთ რჩევებს, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ
* ყურადღება მიაქციეთ საახალწლო პიროტექნიკის ვადას;
* აუცილებლად გაეცანით პროდუქტზე აღნიშნულ მოხმარების წესებს;
* ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ, აუცილებელია, რომ ე.წ. „ასაფეთქებელი“ ცეცხლის წაკიდებისთანავე გადაგდოთ ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში;
* ე.წ. „მაშხალები“, რომელსაც ახალი წლის დადგომისას ფანჯრებიდან თუ აივნებიდან ისვრიან, საკმაოდ სახიფათოა. მათი უმრავლესობის მოხმარების წესი გულისხმობს მიწაზე დამაგრებას და ადამიანის რამდენიმე მეტრით მოშორებას;
* ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას.