ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. ქვეყნის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, დენის ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან იზრდება როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ასევე, „თელასის“ აბონენტებისთვის.
GMnews გთავაზობთ ელექტროენერგიის ტარიფებს მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით):
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) - მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი - ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) - მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი - ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) - მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი - ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფზე ფასნამატს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება დაასუბსიდირებს იმ აბონენტებისთვის, ვისი თვიური ხარჯიც 300 კვტ.სთ-ს შეადგენს.