საზოგადოება
29.12.2020 12:11
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსის მინიმალური სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირება ჩაიტარონ

პრემიერ-მინისტრი  მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის მინიმალური სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირება ჩაიტარონ. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში 20 000-მდე ტესტი ტარდება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა დაბალია.
„დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა ყოვლდღიურად ვაკეთოთ 20 000 ტესტი. მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია და მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, მაქსიმალურად, ვისაც ამის არამხოლოდ საჭიროება აქვს, არამედ ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, უსიმპტომოდაც შეიძლება მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ როგორც ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე მივეხმაროთ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე აღებული საქართველო ვერ დაამარცხებს პანდემიას, ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ეკონომიკურ კრიზისზე. აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი და მინდა ამაზე ხაზგასმით აღვნიშნო. ეს არის მარტივი წესების შესრულება, პირბადე უნდა ვატაროთ მაქსიმალურად ყველგან, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალური სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ და სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. რეგიონებში განსაკუთრებით მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ტესტირების რაოდებობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და მაღალი რისკის ადამიანებს. ეს არის ჩვენი, ყველას მიზანი. პანდემიის გამარჯვება ცალკე აღებული ვერ იქნება ქვეყნის წარმატების გარანტია, ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

კვირის ამბები