კომპანია პროსერვისი, რომლის სასერვეროზე განთავსებული ვებ გვერდების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, განცხადებას ავრცელებს.
GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
,,ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმის ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვეროა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებ გვერდები.
თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15,000 აბონენტის ვებ გვერდების ნაწილი. პრობლემის აღმოჩენის თანავე, კომპანია პროსერვისი, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე.
28 ოქტმბრის, დღის 20:00 საათის მდგომარეობით აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების 50%-ზე მეტი. კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებ გვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება.
კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის:, - ნათქვამია კომპანია პროსერვისის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შსს-მ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.