გორის მუნიციპალიტეტის მერმა დაინტერესებულ საზოგადოებას 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. კონსტანტინე თავზარაშვილმა განვლილ წელს განხორციელებული სამუშოების შესახებ პრეზენტაციას დღეს გამართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ანგარიშის წარდგენის ბოლოს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.
„მალე შემობრძანდება ახალი 2021 წელი. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ახალი წლის დადგომამდე შევაჯამე მიმდინარე წელი და წარმოგიდგინეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ. სამწუხაროდ, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის 2020 წლის მთავარი გამოწვევა კოვიდინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. თქვენი დიდი მხარდაჭერის გარეშე, მიმდინარე წელს პანდემიის ფონზე ვერ შევძლებდით დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას ვუხდი. დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის საქმიანობაში თქვენს აქტიურ ჩართულობას. ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტის თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების ერთადერთი საშუალება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს აღარ მოგვიწევს ვირუსთან ბრძოლა და ჩვენ ერთად ბევრად მეტი, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. მხარდაჭერისთვის მადლობა, ასევე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების (აიპების) თანამშრომლებს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს მე თქვენთვის ბევრი სათქმელი დამიგროვდა“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ რიგი ღონისძიებები უკვე განხორციელდა, პროექტების ნაწილის განხორციელება მიმდინარეობს ამ დროისთვისაც.
„უწყების თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე 12 მარტიდან გადავიდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, ისინი დღემდე 24-საათიანი გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას და მოსახლეობას აწვდიან ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს. მოგეხსენებათ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომართვიანობა. ამოქმედდა ცხელი ხაზი. უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით შეძენილი სასურსათო პროდუქტები 3000 ოჯახს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტები მერიას უამრავმა კერძო ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა გადასცა, რომლებიც ასევე იგივე კატეგორიის 3000 - მდე ოჯახს გაუნაწილდა. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას ქველმოქმედებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 - მდე აღსაზრდელმა კუთვნილი საკვები რამდენჯერმე, არამალფუჭებადი პროდუქტების სახით მიიღო. პატარებისთვის საკვების გადაცემა შეზღუდვების მეორე ეტაპის ფარგლებშიც მიმდინარეობს“, - განაცხადა გორის მერმა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ასევე, აღნიშნა, რომ გორის მერია აგრძელებს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების ტრანსპორტირებას (აღნიშნული სერვისი ხორციელდებოდა შეზღუდვების პირველ ეტაპზეც). უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ დიალიზის პროცედურა, 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მათი ტრანსპორტირების ხარჯები მერიამ დააფინანსა. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ სხვა ღონისძიებებს, ინტენსიურად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები სპეციალური ხსნარების გამოყენებით. უწყების თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ საჭირო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იმ ობიექტებში, რომლებიც აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, მოძრაობდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებას ეთნიკური უმცირესობები მათთვის გასაგებ ენაზე ისმენდნენ.
მერის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5 მნიშვნელოვან პრიორიტეტზე - ინფრასტრუქტურა; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; განათლება; გარემოს დაცვა და სოციალური სფერო - გადანაწილდა. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის 50%-ზე მეტი მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სკოლების სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას.
„ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 36 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა. ჯამში, განხორცილდა 26,6 კმ - ზე მეტი გზის რეაბილიტაცია (აქედან მუნიციპალიტეტის სოფლებში - 19,8 კმ, გორში კი, 15 ქუჩა რეაბილიტირდა). დაიგეგმა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 14 სოფელში, სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა 4 სოფელში, 64 სოფელში მოეწყო გარეგანათება; აშენდა საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში; 20 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო 15 სპორტული მოედანი. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სამუშაოების მორიგი ეტაპი. 2020 წელს განხორციელდა სარეალიზაციო და საგამოფენო სივრცისა და სანიტარული კვანძის მშენებლობა. მიმდინარეობს ველობილიკების მოწყობა და ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე, 2 980 000 ლარის ღირებულების 38 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში; 1 596 000 ლარის ღირებულების 120 - პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში; ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში კი, 18 პროექტი, სადაც მერიის თანადაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90% - იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს, ისარგებლა 3 500 - მდე ბენეფიციარმა (დაფინანსებამ შეადგინა 1 870 000 ლარი). სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით კი, ფინანსდება ისეთი ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2020 წელს, სულ, განხორციელდა 10 ასეთი სოციალური პროექტის თანადაფინანსება.
გარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტების თანადაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული მიმართულებების განვითარებას ადგილობრივ დონეზე. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით კი, მერიაში ახალი სტრუქტურული ერთეული შექმნა.
„რაც შეეხება სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, 2020 წელს, ასევე, დაიხურა 25 - მდე სტიქიური ნაგავსაყრელი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსდება 333 ახალი ნაგვის ურნა; გორში აშენდა ცხოველთა თავშესაფარი, ავტობუსების სადგომი და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გორში, პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება. რამდენიმე დღის წინ, უკვე გადმოგვეცა 25 ახალი ავტობუსი. ჯამში, გორისთვის 30 სატრანსპორტო საშუალებაა გათვალისწინებული. თითოეული 50 მგზავრზეა გათვლილი. 2021 წლის გაზაფხულამდე კი, ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 12 ერთეული 83 მგზავრზე იქნება გათვლილი. ყველა მათგანი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მუნიციპალიტეტს დაწყებული აქვს ავტობუსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. სატრანსპორტო საშუალებები გორს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერიამ, 2020 წელს, ელექტრონული მმართველობის ახალი სისტემაც დანერგა, რისი საშუალებითაც მოსახლეობას შეუძლია უწყებასთან დისტანციური თანამშრომლობა. მოქალაქეს ასევე შეუძლია აღნიშნული სისტემის მოდულებით სარგებლობა. ms.gov.ge - მიმართეთ მერიას განცხადებით; ms.gov.ge - ისარგებლე ონლაინ დახმარებით; idea.municipal.gov.ge - მიწერე იდეა მერს. build.municipal.gov.ge - გაეცანი პროექტებს.
უნდა აღინიშნოს, რომ გორის მერიამ წელს ორი გრანტი მოიპოვა. ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა (358 844 ლარი) და მუზეუმების განვითარების (62 056 ლარი) მიზნით. უწყებამ ორივე გრანტი USAID-ის პროექტის მხარდაჭერით მიიღო. საპრიზო ადგილი, ასევე, მოიპოვა კონკურსში - „საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020“.