საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ ეპიდვითარება არსებულ დონეზე შენარჩუნდება, ლოქდაუნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
„ამ ეტაპზე ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ მდგომარეობა ახლა არსებულის მსგავსი იქნება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები რაც მოქმედებს, არ შემცირდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს 3 იანვრიდან ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება საკუტარი ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილებაც.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით სტაბილურდება, თუმცა, შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.