საზოგადოება
28.10.2019 14:59
ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს და „დიანიუსი“-ს ვებ გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს ან საინფორმაციო სააგნეტო „დიანიუსი“-ს გვერდზე გადასვლისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი ჩანს სახელწოდებით - „I'LL BE BACK!“ (მე დავბრუნდები).

„კიბერშეტევა განხორციელდა ტელეკომპიანია „თრიალეთი“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეც. ამჟამად, „თრიალეთის“ მიერ მომზადებული არც ერთი სიახლე ხელმისაწვდომი არ არის მომხმარებლებისთვის და მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტის პლაკატი ჩანს. ტელეკომპანიამ უკვე მიმართა პროვაიდერ კომპანიას, რომლის სერვერზეც განთავსებულია ჩვენი გვერდი და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლელა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრობლემა შეექმნა დღეს საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოების და რამდენიმე სამთავრობო უწყების ოფიციალურ ვებ გვერდებსაც, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს, ქუთაისისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებს. ამასთან, პარალიზებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია საშუალების ოფიციალური საიტებიც.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერული თავდასხმა დაახლოებით 2000-მდე ქართულ საიტზე განხორციელდა. 

კვირის ამბები