საზოგადოება
26.12.2020 12:47
გორის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლებული ინფრასტრუქტურით განაგრძობს ფუნქციონირებას

გორში არსებული ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების შენობის სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულა. თავშესაფრის განახლებული ინფრასტრუქტურა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოინახულა.

განახლებული თავშესაფრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„სახელმწიფო მუდამ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე, სწორედ ფონდი Human Doc-ის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გორის თავშესაფრის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის საცხოვრებელი გარემოს განახლება და კეთილმოწყობა, რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, მთლიანი გალავანი, ეზოს შესასვლელი კარი. დაცული და კონფიდენციალურია ბენეფიციარების უსაფრთხოება. სრულად მოეწყო და აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგის და იურისტის ოთახი. პროექტის შედეგად განხორციელებული სამუშაოების შემდეგ თავშესაფრის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ კომფორტულ გარემოში მუშაობის, ბენეფიციარებისთვის მოწყობილი სივრცე ადაპტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აღნიშნული სამუშაოები ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად ფონდმა - Human Doc - პროექტის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა თერაპიის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა. ფონდი Human Doc-ის პროგრამების დირექტორის მეგი ბიბილურის თქმით, ფონდი უკვე ხუთი წელია საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა და ქალთა უფლებები.

ფონდ Human Doc-ს აღნიშნული ინიციატივისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის გორის მერმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გორის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს წამოწყებებს, რომელიც მიმართულია საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის სისტემის მხარდაჭერისკენ.

კვირის ამბები