საზოგადოება
26.12.2020 11:28
გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას აგრძელებს

გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს. ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამიოყო.
„აღნიშნული თანხით შეძენილ, 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ათასი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, უწყება სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც ელოდება შემოწირულობას. პროდუქტი კი, გადაუნაწილდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ. გორის მერია დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და ქველმოქმედებისთვის“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილ მარტოხელა მოხუცებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, ადგილობრივი თვითმმართველობამ სასურსათო პაკეტები აპრილშიც გადასცა.

კვირის ამბები