საზოგადოება
26.12.2020 11:10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 135 დევნილს გრანტი გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 135 დევნილს გრანტი გადასცა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ. პროექტის ბენეფიციარებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ.

„დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის პარალელურად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, დასაქმებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. დღეს, 135 დევნილს მათ მიერ შერჩეული ტექნიკა, დანადგარები და ხელსაწყოები გადავეცით, რაც საქმიანობის წამოწყებასა და გაფართოებაში დაეხმარებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დევნილ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე და თავად შექმნან საკუთრი მომავალი. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს და მჯერა, რომ თქვენს პოტენციალს, როგორც საკუთარი ოჯახების, ისე ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

GMnews-ის ინფორმაციით, 2020 წელს, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.

 

კვირის ამბები